ახალი ამბები
40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო
FaceBook
რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქები ევროპული ქვეყნების დახმარებით აღდგება.

ევროპის 40-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე მოაწერა ხელი ლუგანოს დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურის განახლებას, მის პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ომში მყოფ ქვეყანას ფინანსურ მხარდაჭერას "ევროპის საინვესტიციო ბანკი" და "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია" გაუწევს.

უკრაინის აღდგენის გეგმა უკრაინის ხელისუფლებამ ლუგანოს კონფერენციაზე უკვე წარადგინა.

"სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა, მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას აღდგენის გზაზე. მთელი უკრაინელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

დეკლარაცია შვიდ პრინციპზეა დაფუძნებული და ის უკრაინის აღდგენის კრიტერიუმებსა და მეთოდებს განსაზღვრავს.

ომის შედეგად მიღებულ ზარალზე რამდენიმე თვის წინ უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერდა.

გამოცემის იმდროინელი მონაცემებით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ინფრასტრუქტურის ზარალმა  62-119 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოსახლეობის, სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის ობიექტების ზარალი 10 მილიარდ დოლარამდეა.

უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნევს, რომ ომის გამო უკრაინა მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 1/3-ს დაკარგავს.

უწყების მონაცემებით, უკრაინის პირდაპირი ზარალი 2022 წელს იქნება, დაახლოებით, 62 მილიარდი დოლარი, ხოლო სამომავლო განაღმვის ხარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ზარალის ანაზღაურების სხვა თანხები, ექსპერტების თქმით, უკრაინამ რუსეთისგან სასამართლოს გზით უნდა მიიღოს, რაშიც იგულისხმება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის აქტივების გაყინვა.



Print