ახალი ამბები
"მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული"- კიდევ რა წერია ახალ რეგლამენტში
FaceBook
მთავრობამ სამუშაო ადგილზე დამსაქმებლისთვის მინიმალური ვალდებულებები განსაზღვრა.

ახალი რეგლამენტი, დამსაქმებელს დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს.

რეგლამენტის მიხედვით, თითოეული დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილზე თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 კვმ., ტექნიკა, რომლითაც სარგებლობს დასაქმებული, უნდა იყოს გამართული, შესაძლებელი უნდა იყოს სამუშაო სივრცეში იატაკის სველი წესით დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში უტარდებოდეს დეზინფექცია, კედლები, ჭერი, სახურავი, ტიხრები, ფანჯრები უნდა იყოს უსაფრთხო, დახურულ სივრცეში ტემპერატურა წლის ცივი და ცხელი პერიოდის მიხედვით უნდა რეგულირდებოდეს და შეესაბამებოდეს სამუშაოს სპეციფიკას. დახურულ სამუშაო სივრცეში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია.

რეგლამენტში ცალკე თავი ეთმობა მონიტორიან დანადგართან მუშაობის პირობებს. დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა შესთავაზოს ისეთ ტექნიკურ მოწყობილობაზე მუშაობა, სადაც მონიტორი არ ციმციმებს, სიმბოლოები არის გამოკვეთილი, კლავიატურა განცალკევებული უნდა იყოს მონიტორისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკურად შეუძლებელია, კლავიატურაზე სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი, მის წინ უნდა იყოს საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ დასაქმებულს შეეძლოს ხელებითა და მაჯით სამუშაო ზედაპირზე დაყრდნობა.

ცალკე თავი ეთმობა ჰიგიენის დაცვას. რეგლამენტის მიხედვით, მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული, ინდივიდუალურად, ყველა საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კარი, რომელიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ, საპირფარეშოები აღჭურვილი უნდა იყოს ხელსაბანებით.

დადგენილების მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშაოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი.

Print