ახალი ამბები
5 ივლისი - მედიაზე ძალადობის ერთი წელი
FaceBook
ზუსტად ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც ჟურნალისტები და ოპერატორები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილე ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მოძალადე ჯგუფებმა მძიმე ტრავმები მიაყენეს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარს წინ უძღოდა ძალადობრივი და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი, ახლა უკვე პარტიად ჩამოყალიბებული "ალტინფოელების" მუქარა "თბილისი პრაიდის" ჩაშლის შესახებ. ისინი, მათ მიერვე დაფუძნებული ტელეკომპანიის ეთერში აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ დედაქალაქში ე.წ. "ღირსების მარშის" ჩატარებას. 5 ივლისის დილას, ძალადობის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა "ღირსების მარშის" ჩატარება. მისმა ამ განცხადებამ მოძალადე ჯგუფები კიდევ უფრო წაახალისა. "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.

მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ, 5 ივლისის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს სასამართლომ მინიმალური სასჯელი მიუსაჯა და ისინი ციხეს მალე დატოვებენ. მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და სასტიკი ანგარიშსწორების ორგანიზატორები კი ამ დრომდე არ დასჯილან.

წელს, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული, იგივე ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო, "თბილისი პრაიდის" კვირეული დახურულ სივრცეში ჩატარდა.





Print
თეგები: #5 ივლისი