ახალი ამბები
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს
FaceBook
უკრაინის ჯარმა უკან დაიხია და ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა.


ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპირატესობის გათვალისწინებით, ქალაქის გამაგრება უკრაინის ჯარებს ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს.

"უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადასარჩენად, მივიღეთ გადაწყვეტილება უკან დახევის შესახებ. სამწუხაროდ, მტკიცე ნება და პატრიოტიზმი წარმატებისთვის საკმარისი არ არის - საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები",-ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლისიჩანსკის დატოვებას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"ჩვენ ვუფრთხილდებით მებრძოლებისა და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. კედლებს აღვადგენთ, მიწას დავიბრუნებთ, ადამიანებს კი ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. თუ არმიის სარდლობას ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს ბევრად დიდი საცეცხლო უპირატესობა აქვს, ხალხი გაჰყავს, კონკრეტულად ეს ლისიჩანსკს ეხება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკისა და თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით'',- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქი ბოლო სტრატეგიული პუნქტი იყო, რომელიც რუსეთს აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაში ხელს უშლიდა.

უკრაინაში 131 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print
თეგები: #ლისიჩანსკი