ახალი ამბები
ქუთაისის ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის ტენდერი ჩაიშალა
FaceBook
ქუთაისის ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. სამუშაოების შესრულების სურვილი არავინ გამოთქვა.

ამის გამო, ქუთაისის მერიას ელექტრონული შესყიდვის მეორედ გამოცხადება (NAთ220012810) მოუწია.

სატენდერო პირობები არ შეცვლილა, გადაიწია მხოლოდ ვადამ. შემსრულებელს შენობის რეკონსტრუქციისთვის დრო 2023 წლის 15 თებერვლამდე აქვს. იგივე რჩება რეკონსტრუქციისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობაც. სამუშაოებში მერია ხუთ მილიონ ლარს იხდის. პროექტი რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

ქუთაისის მერიამ მუზეუმის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა გადაწყვიტა. პროექტის მიხედვით, რომელიც შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ქუთაისის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა, სადაც მუზეუმი 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
Print