ახალი ამბები
ოლიმპიადების გამარჯვებული და სოციალურად დაუცველი ქუთაისელი ბავშვები შავი ზღვის კურორტზე დაისვენებენ
FaceBook
ქუთაისის მერია, ეროვნულ სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე/გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, წარმატებულ მოსწავლეებს, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვებს შავი ზღვის კურორტზე დაასვენებს.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით.

ახალგაზრდული ბანაკი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს. შავი ზღვის საკურორტო ქალაქებში მოზარდები რამდენიმე ეტაპად გაემგზავრებიან. ბიუჯეტის დაფინანსებით დასვენებასა და გართობას სულ 170 მოსწავლე შეძლებს.

იმ შემთხვევაში თუ ბანაკში ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვები იქნებიან, მათთვის დაიქირავებენ ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ აღნიშნული საგნების სწავლების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, ჰყავთ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები.

ბანაკის ორგანიზება ადგილობრივ ბიუჯეტს 51 880 ლარი დაუჯდება.
Print