ახალი ამბები
კუნძული ზმეინი ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა დატოვეს
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინაში კუნძული ზმეინი დატოვეს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, კუნძულის დატოვება უკრაინელი სამხედროების თავდასხმას უკავშირდება.

,,რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა "კეთილი ნების" ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს'',
- აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ კუნძულ ზმეინის დატოვებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, კუნძული სტრატეგიული პუნქტია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში.

"ეს ჯერ კიდევ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე საგრძნობლად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვაიძულებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან, ჩვენი ციდან წასვლას", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

კუნძული ზმეინი რუსეთის არმიამ ომის პირველივე დღეს დაიკავა.

უკრაინაში 128 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print
თეგები: #ზმეინი