ახალი ამბები
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება"
FaceBook
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მზაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის წინაპირობა რეფორმების განხორციელებაა.

"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება", – განაცხადა შარლ მიშელმა გერმანიაში, "დიდი შვიდეულის" სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

"ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის", - განაცხადა მიშელმა.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს. საქართველოს ამისთვის დრო წლის ბოლომდე აქვს.



Print