ახალი ამბები
რა ბედი ელის სამლოცველოს ქუთაისის მერიის შენობის გაყიდვის შემთხვევაში
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობას აუქციონზე გასატანად ამზადებენ, თუმცა გაურკვეულია  რა ბედი ელის  ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ მთავარანგელოზის სახელობის სამლოცველოს, სადაც ღვთისმსახურება ტარდება.
მერიაში ამბობენ, რომ  შენობის გასხვისების შემთხვევაში, საპატრიარქოსა და ეპარქიასთან კონსულტაციის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. 

"ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა წარდგენილი იყო , როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქონება, რათა შეხვედრაში მონაწილე დონორებსა და განვითარების პარტნიორებს წარმოდგენა ჰქონოდათ და დაინტერესებულიყვნენ იმით, რომ მომზადდეს მაღალი დონის საინვესტიციო პაკეტი.

რაც შეეხება შენობაში მოქმედ ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მერიის შენობის გასხვისების შემთხვევაში, საპატრიარქოსა და ეპარქიასთან კონსულტაციის შემდეგ მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება", - განგვიმარტეს მერიაში. 

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  აღნიშნულზე ჯერ მათთან კონსულტაციები არ დაწყებულა. 

"მეუფე იოანე ორი დღეა ქალაქში არ იმყოფება. როგორც კი ჩამოვა,  ალბათ, დაუკავშირდებიან და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ", - ამბობს  ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოძღვარი მატათა ქარაშაძე. 

რაც შეეხება თავად სამლოცველოს წინამძღვარს,  მოძღვარი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი  ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ალტერნატივას შესთავაზებენ  თუკი ობიექტი გაიყიდება.


ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტი, ეკონომიკის სამინისტრომ 15 ივნისს ინვესტორებს წარუდგინა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მერიის შენობა 16 039 000 ლარად შეაფასა, თუმცა, მის გასაყიდად ქუთაისის საკრებულოს თანხმობაა საჭირო.

###

სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ დღევანდელი მერიის ტერიტორია ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიას ეკავა, რომლის მშენებლობა-რესტავრაცია 1829 წელს დაიწყო.

ამავე ადგილას 1450 წელს აგებული ეკლესიაც არსებობდა, რომელიც ნანგრევების პირას იყო მისული. ამ ძველი ეკლესიის ბაზაზე აიგო ახალი ეკლესია, რომელმაც როგორც რელიგიურმა ინსტიტუციამ საქართველოს გასაბჭოებამდე იარსება. ეკლესიის შენობა გადაურჩა ბოლშევიკების პირველ შეტევებს ეკლესია-მონასტრებზე, თუმცა 1944 წელს ეს ტაძარიც შეიყვანეს დასანგრევთა სიაში.

ეკლესია დაანგრიეს. ეკლსიის ეზოში არსებული საფლავები გადაიტანეს და დაიწყეს მშენებლობა. მშენებლობა 1946 წელს დასრულდა და მიენიჭა ქალაქის ადმინისტრაციული შენობის სტატუსი.


ამავე თემაზე:

რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის მერიის შენობას
Print