ახალი ამბები
„ივანიშვილი ოლიგარქი არ არის“ - ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი არ მიანიჭა და მხოლოდ პერსპექტივა დაუტოვა კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ.

ამ ამოცანებში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. 

კითხვაზე არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილმა უპასუხა - არა. 

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, თუ "რამე იშოვა" დახარჯა საქართველოში. 

"მისი როლი არის უზარმაზარი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ევროპასთან დაახლოების კუთხითაც. (ივანიშვილი) არ არის ოლიგარქი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

ღარიბაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს არავითარი როლი პოლიტიკაში არ გააჩნია. ამ მიმართულებით ყველანაირი სპეკულაციები არის უსაფუძვლო და ამას სჭირდება დასაბუთება. 

"ბ-ნი ივანიშვილი ყველაზე დიდი მეცენატია. იგი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები ექნებათ ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის მისაღებად.

"ჩვენს ამ თემას ჩავურღმავდებით. ეს პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის გამოწვევა. ამ პირობას შევასრულებთ". 

ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის მოსაზრება და მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს საქართველოსაც "მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს" ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს. საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 მოთხოვნა.


Print