ახალი ამბები
იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა
FaceBook
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია სარდაფებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ნალექმა გადაუარა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს.

ქუთაისში, მოსული უხვი ნალექის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა რიონი და ახლომდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შეაღწია.

ტყიბულის სოფელ  კურსებში ჩაიხერგა გზა, რის გამოც ოთხი ადამიანი ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს. სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

წვიმამ დააზარალა წყალტუბოს ცენტრალური ქუჩები, ასევე მაღალმთიანი სოფლების გზები, წყალმა შეაღწია სახლებში. უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისაში, რიონსა და ოფურჩხეთში დაზიანდა გზები. კალაპოტიდან გადმოვიდა "ვაზნარის ღელე", რის შედეგადაც დაიტბორა სოფელ ხომულის ნაწილი.

სტიქიამ დააზარალა ხონიც. სოფლებში მათხოჯსა და ძეძილეთში დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ტერიტორია. სოფელ გორდში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე არხები.

ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
Print
თეგები: #სტიქია