ახალი ამბები
„წვიმა“ სცენაზე სპექტაკლის მიზანსცენის ნაწილი იყო“ - თეატრის განმარტება
FaceBook
"თეატრში სცენაზე ჭერიდან წყალი არ ჩამოდის!", -  განაცხადეს მესხიშვილის თეატრში იმის საპასუხოდ, თუ რატომ უწევდათ თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ყაზახ მსახიობებს "წვიმაში" თამაში.  

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ყაზახური თეატრის სპექტაკლის მიმდინარეობის დროს სცენაზე ჭერიდან წვიმის წყალმა დაიწყო ჩამოდინება. 



მსახიობები ათი წუთი წვიმაში თამაშობდნენ.

თუმცა თეატრში განმარტავენ, რომ ყაზახურ სპექტაკლში "წყლის ეფექტი" სპექტაკლის მიზანსცენის ნაწილი იყო, სხვა დანიშნულება ჰქონდა და არ უკავშირდებოდა უხვ ნალექს და შენობის სახურავის პრობლემას. 

"მსგავსი ეფექტი ჩვენც გამოგვიყენებია. მაგალითად, "ბამბაზიის სამოთხეში". იქაც წვიმს სცენაზე. ასე რომ ყაზახური სპექტაკლში "წვიმა" მიზანსცენის ნაწილი იყო", - ამბობენ მესხიშვილის თეატრში.

ფესტივალში "თეატრალური იმერეთი 2022" ყაზახური აქტაუ მანგისტაუსის სახელობის რეგიონალური დრამატული მუსიკალური თეატრი იღებდა მონაწილეობას. მათ  ქართველი დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის "ხანუმა"-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლი წარმოადგინეს.

რაც შეეხება მესხიშვილის თეატრის რემონტს, მის საჭიროებაზე დიდი ხანია მიდის  საუბრები, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული არაფერი გაკეთებულა. 

თეატრში ბოლოს კაპიტალური რემონტი 2009-2010 წლებში განხორციელდა. თუმცა მესხიშვილის თეატრში აღნიშნავენ, რომ მაშინ კომპანიამ საქმე ცუდად შეასრულა და გაკეთებაზე მეტად დააზარალა შენობა. 

2009-2010 წლებში  თეატრის რემონტში მილიონ ნახევარი დაიხარჯა. ეს რემონტის პირველი ეტაპი იყო, მეორე ეტაპი მალევე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 12 წელია თეატრი კაპიტალურად არ შერემონტებულა. 




Print