ახალი ამბები
რა შემთხვევაში ვერ გაყიდის ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიის შენობას
FaceBook
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა საინვესტიციოდ გაამზადა, ქონება, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, შესაძლოა აუქციონზე ვერ გაიტანონ.

იმისთვის, რომ ობიექტი გაიყიდოს, საკრებულოს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც, სავარაუდოდ, არ მოხდება.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში 14 დეპუტატი ჰყავს, ქუთაისის მერიის შენობის აუქციონზე გატანაზე თანხმობის მიცემას არ აპირებს.

ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლების ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მიუღებელია და ოპოზიციას პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს. შესაბამისად, შუშანია ამბობს, რომ საკრებულოს მთავარი ოპოზიციური ძალა მერიის შენობის გაყიდვას, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ არ ვართ ქონების გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ თუ იქნებოდა კონკრეტული პირობები დაცული, მაგალითად, თუ ობიექტი გაიყიდებოდა იმ ფასში, რაც არის მისი საბაზრო ღირებულება და რიყის დოქების ბედი არ ეწევა ამ შენობას, სამჯერ რომ ჩააგდეს ვითომ აუქციონი და ბოლოს ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას მისცეს ქონება; მოხდებოდა ამაზე მსჯელობა საზოგადოებაში და არა ისე, როგორც დედაქალაქიდან აცნობა ქუთაისელებს მერმა, რომ მერიის შენობა იყიდება; გარდა ამისა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სწორედ "საპარტნიორო ფონდსა" და ივანიშვილთან დაახლოებულ ჯგუფებს სურთ ამ შენობის შეძენა. ამიტომ, ნდობა ამ პროცესის მიმართ არის ნული და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხს მხარი დავუჭიროთ", - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტი, ეკონომიკის სამინისტრომ 15 ივნისს ინვესტორებს წარუდგინა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მერიის შენობა 16 039 000 ლარად შეაფასა, თუმცა, მის გასაყიდად ქუთაისის საკრებულოს თანხმობაა საჭირო.

ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა

მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთად, გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში მოხვდა ქალაქში არსებული 23 მსხვილი ობიექტი, მათ შორის, "პრესის სახლი" და ყოფილი საკონსერვო ქარხანა. ეკონომიკის სამინისტრომ 22 ობიექტი, გარდა ქუთაისის მერიის შენობისა, აუქციონზე უკვე გაიტანა. 


ამავე თემაზე:


Print