ახალი ამბები
"ევროპის გზა უალტერნატივოა" - ქუთაისში ევროპული არჩევანის დასაცავად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს
FaceBook
"წინ ევროპისკენ,  შინ ევროპისკენ" - ამ სლოგანით ქუთაისელები ევროპული არჩევანისადმი ერთგულების დასადასტურებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციაზე აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ევროპასთან აშორებს.
"საქართველო იყო და არის ევროპის ნაწილი. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ ამ სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ამით ჩვენი შვილებისთვის უზრუნველვყოთ ჩვენი, ყველას საოცნებო ხვალინდელი დღე. დღევანდელი შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპის გზა არის უალტერნატივო და საქართველოს, გარდა ამ გზისა, სხვა არჩევანი არ აქვს. თუ დღეს ჩვენ არ გავერთიანდებით, აღმოვჩნდებით ისევ წარსულში, რასაც იმპერიალისტური რუსეთი ჰქვია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღესვე, 20 საათზე, თბილისში, რუსთაველის მოედანზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ევროპული არჩევანის დასაცავად შეიკრიბებიან.

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს. საქართველოს კი ევროკომისიამ რეკომენდაციების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მისცა. ამაზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.
Print