ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალშექმნილ აიპს ნახევარმილიონიან დაფინანსებას აძლევს
FaceBook
თითქმის ნახევარი მილიონი ლარი იქნება ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი ახალი აიპის, "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" ბიუჯეტი, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას ვერ არწმუნებს.

მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ შეიქმნა, თუმცა, იგივე ფუნქციებს ითავსებს, ბიუჯეტს 480 000 ლარი დაუჯდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, რაც ქალაქის მოსახლეობას ტვირთად აწვება. ქალაქის მერს კი, ხარჯის თითქმის ნახევარი მილიონით გაზრდაზე, მედიასთან საუბარი ტრადიციულად არ სურს.

აიპს უკვე ჰყავს ხელმძღვანელი. მერიამ ამ პოზიციაზე დემურ ინანეიშვილი დანიშნა.

ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების კიდევ ერთი გზაა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ეს ცვლილება, ადამიანების პარტიული ნიშნით დასაქმების რიკს ზრდის, რადგან აიპის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად წყვეტს ვის აიყვანს ორგანიზაციაში.
Print