ახალი ამბები
რა ობიექტებს ასხვისებს ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში
FaceBook
ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში 60 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონებას ყიდის.

ქონების მართვის სააგენტომ ქალაქის ტერიტორიაზე 23 ობიექტი შეარჩია, რომლებმაც ინვესტორები უნდა დააინტერესონ. სააგენტომ გასაყიდად გამოიტანა როგორც შენობები, ასევე, მიწის ნაკვეთები. მთავარი ობიექტი, რომლის გასხვისებაც უკვე გადაწყვეტილია, ქუთაისის მერიის შენობაა. სააგენტო შენობას 16 039 000 ლარად, იმ პირობით ყიდის, რომ მის ადგილზე სასტუმრო მოეწყობა.

საინვესტიციოდ გამზადებულ ობიექტთა ნუსხაში მოხვდა ქუთაისის "პრესის სახლი", რომელიც ასევე სასტუმროდ უნდა გადაკეთდეს. სააგენტო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ყიდის ნიკეას, ცახელის, სულხან-საბას, ლესელიძის, თაბუკაშვილის, ახალგაზრდობის, ბუკიას, ავტომშენებლის, სოლომონ მეორეს, ფოთის, ანჯაფარიძის, წერეთლისა და ციხელის ქუჩებზე. საინვესტიციოდ გამზადებულია ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ასათიანის ქუჩაზე. საბოლოოდ, ქუთაისში ორი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე ობიექტი უნდა მოეწყოს.

გარდა ქუთაისისა, სახელმწიფო კიდევ ორ ქონებას ასხვისებს წყალტუბოსა და ხონში. ხონის სოფელ გუბში, სააგენტო ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიას 370 000 ლარად ყიდის, ხოლო წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევში საინვესტიციოდ გამზადებულია 2 500 000 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთი.

გასაყიდ ობიექტთა სრული  ჩამონათვალი ნახეთ აქ.

ქუთაისსა და მის შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი 25 ქონება სააგენტომ ერთიან პაკეტში წარადგინა. პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი ქუთაისიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათ არც ღონისძიება დაუგეგმავთ და მათი ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციასაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

Print