ახალი ამბები
საქართველოში ქალის ხმა არ ისმის - აქცია ქუთაისში
FaceBook
"ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის", - აღნიშნულია მიმართვაში რომელიც სარვამარტო აქციაზე გაჟღერდა ქუთაისში.

აქციაში, რომელიც "ქალთა მოძრაობის", ინიციტივითა და ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და ჟურნალიტებმა მიიღეს მონაწილეობა. აქციის მიზანს,  ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში, ქუთაისში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. თუმცა მხარდამჭერთა შორის ქალები ჭარბობდნენ კაცებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ქალი აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, თქვას თავისი სიტყვა და თავისი ხმა აიმაღლოს. მეტი ქალი უნდა იყოს პარლამენტში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში. დღეს ვერ ვხედავ ბევრ ქალს და ვისურვებდი დავინახო რამდენიმე წლის შემდეგ. ქალს შეუძლია მნიშვნელოვანი და შეიძლება უკეთესი სიტყვაც თქვას პოლიტიკაში. სქესი არაა გადამწყვეტი და ყველაფერი კონკრეტულ ინდივიდსა და ადამიანზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს ჟურნალისტი შორენა ლაღაძე.
პოლიტიკაში ქალის გააქტიურების მნიშვენლობაზე მიუთითებენ ქუთაისელი ახალგაზრდა სოციალისტებიც.
" მეტი ქალი პარლამენტში ეს ნამდვილად აუცილებელი და პრობლემატური საკითხია. დღევანდელ საქართველოში თავად ქალების მხრიდანაც ნაკლებია აქტიურობა და ზოგადად დამოკიდებულებაა ისეთი, რომ თითქოს ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ქვეყნის მომავლის შეცვლაში შეიტანონ თავიანთი წვლილი, ვიდრე მამაკაცებს.რაც არ არის სწორი", - აღნიშნა "ახალგაზრდა სოციალისტების" წარმომადგენელმა გიორგი მახათაძემ.
აქციას „მეტი ქალი პარლამენტში“ საქართველოს დიდი ქალაქებიც შეუერთდნენ. 

ეკა კუხალაშვილი
Print