ახალი ამბები
ქუთაისის "პრესის სახლი" იყიდება
FaceBook
ქუთაისში ე.წ. პრესის სახლი  იყიდება.

ქონების ეროვნული სააგენტო შენობას 3 200 000 ლარად ყიდის. სახელმწიფოს უკვე გადაწყვეტილი აქვს რა ფუნქცია ექნება ობიექტს. ინვესტორმა შენობაში სასტუმრო უნდა მოაწყოს. "პრესის სახლი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ჯამში, ქუთაისსა და მის შემოგარენში 25 მსხვილი ობიექტი სხვისდება. შენობების ნაწილი ამორტიზებულია, ნაწილი კი ფუნქციური. "პრესის სახლში" სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს.

სახელმწიფო ასხვისებს ქუთაისის მერიის შენობასაც, რომლის ღირებულებაც ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეაფასა 16 039 000 ლარად. ადგილზე, სადაც ათეული წლებია ქალაქის თვითმმართველობა ფუნქციონირებს, სასტუმრო მოეწყობა.

საპრივატიზაციო ობიექტები ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინვესტორებს უკვე წარუდგინა. პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი ქუთაისიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათ არც ღონისძიება დაუგეგმავთ და მათი ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციასაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ.

სააგენტომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს სექტორს ქუთაისსა და მის შემოგარენში, ჯამში 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება წარუდგინა, მათ შორის 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი.
Print