ახალი ამბები
რა ფასად იყიდება და რა მოეწყობა ქუთაისის მერიის შენობაში
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობა 16 039 000 ლარად იყიდება. უკვე ცნობილია შენობის პროფილიც.

ადგილზე, სადაც ათეული წლებია ქალაქის თვითმმართველობა ფუნქციონირებს, სასტუმრო მოეწყობა. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, დაინტერესდა თუ არა უკვე ვინმე მისი შეძენით, უცნობია.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა 3667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მისი საერთო ფართი 6857 კვ.მ-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის შენობა ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 15 ივნისს, ინვესტორებს წარუდგინა. მასთან ერთად, სააგენტომ დაინტერესებულ პირებს ქუთაისსა და მის შემოგარენში მდებარე 24 საინვესტიციოდ მიმზიდველი ქონება შესთავაზა.

პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი ქუთაისიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათ არც ღონისძიება დაუგეგმავთ და მათი ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციასაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ.

ქუთაისის მერიაში არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას შენობის გაყიდვის შემთხვევაში. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს.

Print