ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შენობა იყიდება - სად გადავა ადმინისტრაცია
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობა იყიდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს. ერთ-ერთი ვერსიით, მერია და საკრებულო, შესაძლოა კონტროლის პალატის, ხოლო გუბერნია - საგზაო დეპარტამენტის შენობაში გადავიდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება წინა მთავრობის მიერ აშენებული მთავრობის სახლის ყოფილი შენობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში შემაფერხებელი მიზეზი მისი მდგრადობაა. არსებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში მოუვლელი და მიტოვებული შენობა ექსპერტიზას საჭიროებს.

მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების ახალ სამუშაო სივრცედ ასევე მოიაზრება პროკურატურის ყოფილი შენობა.

ეკონომიკის სამინისტრომ მერიის ოთხსართულიანი შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში უკვე შეიტანა. რუსთაველის #3-ში მდებარე შენობა ერთ-ერთი იქნება, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო, დღეს, კერძო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს წარუდგენს.

მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოველთვის უარყოფდნენ, თუმცა, ორი თვის წინ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ შენობაში სასტუმროს განთავსება უფრო მისაღები იქნებოდა.

ქუთაისის მერიის შენობა ამ დრომდე ქალაქის ბალანსზეა. იგი ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის სამსახურები, საკრებულო და იმერეთის მხარის ადმინისტრაციაა განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.


ამავე თემაზე:



ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ქუთაისელები მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე - ვიდეოგამოკითხვა


Print