ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შენობას აუქციონზე გასატანად ამზადებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეიტანა.

რუსთაველის #3-ში მდებარე შენობა ერთ-ერთი იქნება, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო, 15 ივნისს, კერძო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს წარუდგენს. "საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში" - ასე ჰქვია სააგენტოსა და USAID-ის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისსა და მის შემოგარენში 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტი შეარჩია, რაც საბოლოოდ, მათ ინვესტორებზე გასხვისებას ნიშნავს.

გარდა ქუთაისის მერიის შენობისა, სახელმწიფო ინვესტორებს ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილ საკონსერვო ქარხანასაც შესთავაზებს, რომლის საერთო ფართი 72836 კვ.მ_ია. საკონსერვო ქარხნის შემთხვევაში, სააგენტოს ბიზნეს გეგმა და არქიტექტურული რენდერიც კი აქვს შემუშავებული.

ქონების ეროვნულ სააგენტოში "ქუთაისიპოსტს" დაუდასტურეს, რომ ქუთაისის მერიის შენობა, დანარჩენ 24 ობიექტთან ერთად, აუქციონზე ეტაპობრივად გავა.

მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ  ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოველთვის უარყოფდნენ, თუმცა, ორი თვის წინ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ შენობაში სასტუმროს განთავსება უფრო მისაღები იქნებოდა.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ამ დრომდე ქალაქის ბალანსზეა. იგი ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც ქალაქის საკრებულო, იმერეთის მხარის ადმინისტრაცია და მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.

Print