ახალი ამბები
მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის მერია, ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილ, ამორტიზებულ შენობაში მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეს აწყობს.

შენობის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. თანხას ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიიღებს. სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT220011129) უკვე გამოცხადებულია.

პროექტის მიხედვით, რომელიც შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი. გარდა საგამოფენო სივრცისა, კიდევ რა დატვირთვა ექნება განახლებულ შენობას, ჯერჯერობით უცნობია. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ქუთაისის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა, სადაც მუზეუმი 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

როგორ გამოიყურება ისტორიული შენობა დღეს, ნახეთ ვიდეო.
Print