ახალი ამბები
ზელენსკი უარს აცხადებს გაუქმდეს 18-დან 60 წლამდე უკრაინელი მამაკაცების მიერ ქვეყნის დატოვების აკრძალვა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურად გამოეხმაურა პეტიციას, რომელიც მოითხოვს "გაუქმდეს 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის უკრაინიდან გასვლის აკრძალვა".

პეტიციის ავტორი პრეზიდენტს მიმართავს მობილიზაციის დროს უპირატესობა მიენიჭოს მოხალისეებს, ხოლო დანარჩენისთვის საზღვრები გაიხსნას. პეტიციას ხელს 27 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა როგორც პეტიციის შემქმნელს, ასევე მათ, ვინც მას ხმა მისცა, თუმცა, არ დაეთანხმა აკრძალვის გაუქმებას და თქვა, რომ ახლა უკრაინაში ომია, რაც კანონის გამონაკლისს წარმოადგენს.

"უკრაინელებს, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მართლაც შეუძლიათ თავისუფლად დატოვონ საზღვრები, მაგრამ ახლა ქვეყანაში შემოღებულია საომარი მდგომარეობა, რაც კანონის გამონაკლისია და ეს შეზღუდვები, შეიძლება მოიხსნას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩვენს სახელმწიფოში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მოხალისეების გამოძახების პრიორიტეტულობაზე. მან აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი უკრაინის მინისტრთა კაბინეტია და პეტიციის ავტორის მიერ გაჟღერებული წინადადებების დასამუშავებლად პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს მიმართა.

შმიგალმა უნდა შეისწავლოს უკრაინელების კონსტიტუციური უფლებების დაცვის, ასევე, კორუფციის პრევენციისა და გამოვლენის საკითხები.

შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე ზელენსკი პეტიციას უფრო მკაცრად გამოეხმაურა. პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ბოლომდე არ ესმოდა ვის მიმართავდნენ ამ პეტიციით.

"მე მომმართავთ? ან იქნებ ეს პეტიცია მიმართულია იმ ჯარისკაცების მშობლებისადმი, რომელთა შვილებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს უკრაინა?!"- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში სამხედრო ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გამგზავრება აკრძალულია მინიმუმ 23 აგვისტომდე, სწორედ ამ დღემდე გაგრძელდა უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადა.
Print