ახალი ამბები
მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას
FaceBook
რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია,
სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული.

„ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლა გრძელდება.

„რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისმა ძალებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფართო ტერიტორიის ალყაში მოქცევის მცდელობებში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინაში 107 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print