ახალი ამბები
"ლოდინის დრო არ გვაქვს“ - უკრაინა ევროკავშირისგან სანქციების მეშვიდე პაკეტს ითხოვს
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის წინადადებები გაუგზავნა ევროკავშირს სამ სფეროში სანქციების მეშვიდე პაკეტთან დაკავშირებით.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წერილი ეხება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო მეშვიდე პაკეტს. კულებას თქმით, სანქციებმა რუსეთს მაქსიმალური ზიანი უნდა მიაყენოს და რაც შეიძლება მალე დაწესდეს.

"გაჭიანურება და დაგვიანება, როგორც მეექვსე პაკეტის შემთხვევაში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად არ გვაქვს ლოდინის დრო", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ მიზნად ისახავს უკრაინაში ბოლო რუსამდე ბრძოლას, სანქციების ზეწოლა, რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს", - დასძინა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ უკვე გამოჩნდა რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებმაც დაიწყეს იმის თქმა, რომ "ჩვენ უნდა დაველოდოთ და შევისწავლოთ როგორ მუშაობს ამჟამინდელი სანქციები, ამოვისუნთქოთ და ფოკუსირება მოვახდინოთ".

"მაგრამ საკმარისია გადახედოთ დონბასში ბრძოლების რუკას, უკრაინის ნგრევას, უკრაინელების მიმართ სიძულვილს, რომელიც მოდის რუსი პოლიტიკოსებისგან, ნამდვილად არ არის დრო ამოვისუნთქოთ და გადავდოთ. ამიტომ, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის მეშვიდე სანქციების პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ არსებობს სანქციების მეშვიდე პაკეტის გადადების რაციონალური საფუძველი. " ხაზგასმით აღნიშნა კულებამ და დასძინა, რომ ეს არის უკრაინის სიგნალი ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებისთვის.

უკრაინაში 105 დღეა ომია.
Print