ახალი ამბები
"საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ამ ტრიოში საქართველო ლიდერია"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ე.წ. ტრიოს ქვეყნებს შორის (საქართველო, უკრაინა,მოლდოვა) საქართველო უპირობო ლიდერია.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ ეს "ქართული ოცნების" დამსახურებაა, ოპოზიციური ძალები კი, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელს უშლიან.

"შარშან გამოიყო ასოცირებული ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ამ ტრიოში საქართველო არის ლიდერი ყველა პარამეტრით. ეს არის ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების შეფასება, რომ საქართველო ამ ქვეყნებს შორის არის წინ. ჩვენ ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც აღებული გვქონდა. რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირი, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით. სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული წევრი. საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ახლა ჯერი არის ევროკავშირზე. ველოდებით გადაწყვეტილებას",
- თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურს არც ამჯერად დავიწყებია ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში დადანაშაულება და თქვა, რომ მისი შეფასებით "დესტრუქციული ძალები", კვლავ ცდილობენ, შეკვეთილი სტატიებითა და ბრიუსელში ვიზიტებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ.





Print