ახალი ამბები
"აზოვსტალის" ქარხანაზე აღმართული დროშა უკრაინის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა
FaceBook
უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

დროშა ფოლადის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი დამცველების ევაკუაციის დროს გაიტანეს.

მუზეუმისთვის დროშის გადაცემის ცერემონიაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, მარიუპოლის დამცველები და იმ უკრაინელი სამხედროების ცოლები დაესწრნენ, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.

"აზოვსტალის" ქარხანა ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ. ისინი, თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ ტერიტორიას. 16 მაისს, "აზოვსტალიდან", რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო მოქცეული, 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნის გავლით გაიყვანეს 211 ჯარისკაცი. მანამდე, ქარხნიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე თავს აფარებდნენ.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა აზოვის ზღვის სანაპიროზე 1933 წელს აშენდა. მისი ტერიტორია თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია. ომამდე აზოვსტალში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ომის დაწყებამდე ქარხანა აწარმოებდა წელიწადში, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა ფოლადსა და რკინას. "აზოვსტალი" რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.
Print
თეგები: #აზოვსტალი