ახალი ამბები
ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინის 3620 დასახლება აქვს ოკუპირებული
FaceBook
უკრაინის 3620 დასახლება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ბევრი მათგანი ცხოვრებისთვის შეუფერებელია.


ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მერების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

"24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 3620 დასახლებული პუნქტი მოექცა. ესენია როგორც დიდი, ასევე პატარა ქალაქები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, უბრალოდ ცივილიზებული ცხოვრებისთვის შეუფერებელია. ეს არის რეალობა, რომელიც რუსეთმა მოიტანა. ქალაქებში არ არის კომუნიკაცია, არ არის ელექტროენერგია, არ არის წყალი. ბომბებმა და რაკეტებმა გაანადგურეს შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღები ან უნივერსიტეტები. არის ქალაქები, რომლებიც სრულიად გადამწვარია", - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტს სჯერა ოკუპანტზე გამარჯვების, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის ამბიციური პროექტი დაგეგმა. მან ამ პროექტის განსახორციელებლად ამერიკის ქალაქების მერები მოიწვია.

"ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისა და ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერის წყალობით, უკრაინულებს ეძლევათ საჭირო იარაღი თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ უკრაინას ასევე სჭირდება თავისუფალი სამყაროს მხრიდან ეკონომიკური უპირატესობის დემონსტრირება. ამიტომ, ჩვენ ვიწვევთ ჩვენს პარტნიორებს შეუერთდნენ უკრაინის რეკონსტრუქციას. აიღეთ მფარველობა ქალაქებსა და რეგიონებზე, რომელიც განადგურდა რუსეთის დარტყმების შედეგად და აღადგინეთ ისინი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი, რომელიც გააძლიერებს როგორც უკრაინას, ასევე სხვა ქვეყნებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპაში რუსების მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი და მსოფლიო ბაზრების დესტაბილიზაცია, პირდაპირ აისახება ყველა ხალხისა და თავისუფალი სამყაროს ყველა ქალაქის ცხოვრებაზე. მან მოუწოდა აშშ-ს მერებს "მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე".

მანამდე ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ურჩია, არ აიღონ რუსული პასპორტები და არ დარჩნენ ოკუპაციის ქვეშ.

უკრაინაში 101 დღეა ომია.
Print