ახალი ამბები
1 ივნისიდან ყველა მაღაზია ვალდებულია გაყიდული ნივთი 14 დღის ვადაში დაიბრუნოს
FaceBook
პირველი ივნისიდან, თუ თქვენს მიერ შეძენილი ნებისმიერი ნივთი, გარდა მალფუჭებადი პროდუქტისა, აღარ მოგეწონათ, ან დაზიანებული აღმოჩნდა, შეგიძლიათ დააბრუნოთ.

გარდა ამისა, თუ აქამდე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ გიწევდათ იმის მტკიცება, რომ ნივთი არ დაგიზიანებიათ და რომ მას ე.წ. ქარხნული წუნი აქვს, ამიერიდან ამის საპირისპიროში დარწმუნება სავაჭრო ობიექტს მოუწევს. მომხმარებელსა და მაღაზიას შორის მოუგვარებელ დავას კი კონკურენციის სააგენტო განიხილავს. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი სწორი ექსპლოატაციის მიუხედავად, მაინც გაფუჭდა და მის დაბრუნებაზე მაღაზია მაინც უარს ამბობს, სავაჭრო ობიექტი დაჯარიმდება.

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი", რომელმაც მაღაზიასა და მომხმარებელს შორის ეს ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს, პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

კანონის მიხედვით, ხარვეზიანი ან შეძენის შემდეგ "დაწუნებული" ნივთის დასაბრუნებლად 14 დღიანი ვადა გაქვთ. ეს ის დროა, როცა თქვენ შეგიძლიათ მაღაზიას მიაკითხოთ და ნივთის დაბრუნება მოითხოვოთ, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ვერ დააბრუნებთ გამოყენებულ ტანსაცმელს, გახსნილ სუნამოს და ა.შ. უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ დასაბრუნებელი ნივთის მთლიანობა არ იყოს დარღვეული. ეს არ ეხება ტექნიკას, რომლის ვარგისიანობის შემოწმება მხოლოდ მისი მოხმარების შემთხვევაში არის შესაძლებელი და აქ კანონი კიდევ უფრო მკაცრია. ტექნიკის შეძენის დროს, მაღაზია ვალდებულია სულ მცირე ორწლიანი საგარანტიო ვადა მოგცეთ და ამ დროში დაიბრუნოს ტექნიკა, რომელიც სწორი ექსპლოატაციის მიუხედავად, დაზიანდა.

ახალი რეგულაცია ვრცელდება ყველა მაღაზიაზე, რომელიც ვაჭრობით არის დაკავებული, მათ შორის, ონლაინ მაღაზიებზეც.

თუ ხარვეზიან ნივთს მაღაზია არ იბრუნებს, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში განიხილავს დავას და სავაჭრო ობიექტს ჯარიმის სახით წინა წლის ბრუნვის 2%-ის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს. მაღაზიას, რომელიც მომხმარებლის უფლებებს დაარღვევს, ჯარიმა პირველი ნოემბრიდან დაეკისრება.

Print