ახალი ამბები
ქუთაისის მერმა ახალშექმნილი აიპის ხელმძღვანელი წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მერიაში ახალშექმნილი ააიპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" ხელმძღვანელად დემურ ინანეიშვილი დანიშნა.

ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე იყო. ახალი აიპის უფროსი ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

"ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

ახალ აიპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაევალება.

ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების კიდევ ერთი გზაა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა ამით ცდილობს მისთვის არასასურველი კადრები გაუშვას და ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერები დაასაქმოს.




Print