ახალი ამბები
რუსეთის საპატრიარქომ უკრაინის დაქვემდებარებაში გადასული ეკლესია გაძარცვული დატოვა
FaceBook
მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც რუსეთიდან უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გაძარცვული დატოვეს.

ლვოვის ოლქის ქალაქ დროჰობიჩში, იობ პოჩაეველის ეკლესიაში, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს "შიშველი კედლები"​​დაახვედრეს - ჩამოჭრეს ჯვრები, წაიღეს ზარები, ეკლესიიდან გაიტანეს თითქმის ყველაფერი.

ამის შესახებ დროჰობიჩის საკრებულოს ვებ-გვერდი იტყობინება.

"ეკლესიაში არ არის კანკელი, გატანილია ხატებისა და საეკლესიო ატრიბუტების აბსოლუტური უმრავლესობა. უფრო მეტიც, ტაძრის მრევლის წარმომადგენლების თქმით, ტერიტორიიდან ზარებიც გაქრა, ჯვრებიც მოჭრეს ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარე ორი შენობიდან", - განაცხადეს დროჰობიჩის საკრებულოში.

დროჰობიჩის ეკლესიაში უკვე გაიმართა პირველი ერთობლივი ლოცვა. ის უკრაინულ ენაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა ჩაატარეს. ეკლესია, რომელიც რეალურად ექვემდებარებოდა რუსეთის საპატრიარქოს, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუერთდა.

"საეკლესიო თემის ხელმძღვანელობამ სრულად დაუჭირა მხარი თემის გადაწყვეტილებას მოსკოვის საპატრიარქოდან უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შეერთებოდნენ. დღეს აქ პირველი ღვთისმსახურება აღევლინა. თუმცა, როცა შიგნით შევედით, შოკში ვიყავით, რადგან ეკლესია დაგვხვდა ცარიელი. ჩანს, რომ წასასვლელად ემზადებოდნენ და წაიღეს ყველაფერი, რაც საზოგადოების ხარჯზე იყო შეძენილი, მაგრამ მოხარული ვართ, რომ ერთი უკრაინული ეკლესიით მეტია", - თქვა დროჰობიჩის მერის მოადგილემ ანდრი კოვჩმა.

როდესაც ეკლესიამ უკრაინის საპატრიარქოში გადასვლა გადაწყვიტა, შენობა და მიმდებარე ტერიტორია დალუქული იყო. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები, ალბათ ამისთვის მზად იყვნენ. მათ მოახერხეს ეკლესიიდან თითქმის ყველაფრის გატანა და ტაძარი "შიშველი კედლების" ამარა დატოვეს.

უკრაინაში 96 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print