ახალი ამბები
"ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის მიზეზი არ აქვს" - კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, რომლებიც ასევე ითხოვენ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უპირატეს მდგომარეობაშია.

შესაბამისად, ევროკავშირს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა "ქართული ოცნების" მიღწევებზე ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

"ევროკავშირს, საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ამ სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ვალდებულებების 45%, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ, უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც უსწრებს. კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს, ასევე ევროკავშირი არ იღებს ვალდებულებს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. ამ პირობებში, გაუგებარია რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით",
- თქვა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტების მიმართ მათივე ქვეყნებში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში მყოფი სამივე ქვეყანა თანაბარ პირობებში არიან და რომ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.

"საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა კანდიდატობაზე უარი ერთი, სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი2" შვიდი მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი მიმართულებით: პირველი - ამით ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომელთა ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა და მეორე - სტატუსის მინიჭებით ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ირჩევს ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.



Print