ახალი ამბები
"რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა.


"ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან", - განაცხადა ზელენსკიმ

ხარკოვში ვიზიტის დროს პრეზიდენტს არ დაუმალავს უკმაყოფილება უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ და თქვა, რომ სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ზელენსკიმ ისაუბრა სევეროდონეცკზეც და აღნიშნა, რომ ამ ქალაქის აღება ახლა ოკუპანტებისთვის ფუნდამენტურ ამოცანას წარმოადგენს.

"საოკუპაციო კონტინგენტისთვის სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა და მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა", - თქვა პრეზიდენტმა.

უკრაინაში 96 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print