ახალი ამბები
რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობა დაამტკიცა
FaceBook
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ორმაგი მოქალაქეობის შემოღების რატიფიცირების შესახებ.


კანონი 28 მაისს, მთავრობის იმ პორტალზე გამოქვეყნდა, რომელიც სამართლებრივ საკითხებს ეხება.

ინფორმაციას TASS ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2021 წელს. ის ითვალისწინებს, რომ მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტის შენარჩუნებით.

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს, 18 წლიდან შეეძლება რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გაკეთება გამარტივებული წესით. 14 წლამდე ბავშვებს მიენიჭებათ იგივე მოქალაქეობა, რაც მათ მშობლებს. წერილობითი განცხადების საფუძველზე, სანამ ბავშვი 18 წელს მიაღწევს, მშობლებს შეეძლებათ მისთვის მოქალაქეობის არჩევა.

შეთანხმების თანახმად, მათ, ვინც ორმაგი მოქალაქეობა მიიღეს, ექნებათ ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. წესი სამხედრო სამსახურზეც ვრცელდება.

დოკუმენტი ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან. ხელშეკრულება ძალაში იქნება ხუთი წლის განმავლობაში.

Print