ახალი ამბები
„საბჭოთა კავშირი დაბრუნდა“ - მარიუპოლში რუსებმა რუსულენოვანი სკოლა გახსნეს
FaceBook
მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლის N65 საშუალო სკოლა გახსნეს.


ამის შესახებ, ტელეგრამის საკუთარ არხზე, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ დაწერა.

ოკუპანტებმა მშობლები აიძულეს სკოლის შენობა ნანგრევებისგან გაეწმინდათ და ფანჯრებზე მინების ნაცვლად ცელოფნები აეკრათ.

"ფაქტობრივად, სხვადასხვა ასაკის 9 კლასში ჩაირიცხნენ ბავშვები, თითოში 35-45 ბავშვი. სკოლას კლასების მცირე რაოდენობა აქვს. ბავშვებისთვის არ არის საკვები, ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდებათ. განათლება ყოველგვარი კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე მიმდინარეობს. ასწავლიან რუსულ ენაზე: ენა/ლიტერატურა/მათემატიკა", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისი თქმით, სკოლის კურსდამთავრებულებს ჰპირდებიან დიპლომებს ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისგან და სთავაზობენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებას. ეს სასწავლებლები მდებარეობენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად ღარიბ რეგიონებში და არ არის მოთხოვნადი თავად რუსებში.

"საბჭოთა კავშირი მარიუპოლს, შუა საუკუნეებისა და ტოტალიტარიზმის ყველა ნათელ ფერებში დაუბრუნდა. ერთადერთი, რაც აკლია, არის მარიუპოლს სახელი გადაარქვან და ჟდანოვი დაარქვან", - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

თითქმის ორთვიანი ბლოკადის შემდეგ, "აზოვის" ბატალიონის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მარიუპოლი მთლიანად რუსებმა დაიკავეს. მანამდე დაანგრიეს პრაქტიკულად ყველა შენობა და დახოცეს ათასობით ადამიანი.

უკრაინაში 94 დღეა ომია.
Print