ახალი ამბები
ევროკავშირი უკრაინიდან დაბლოკილი მარცვლეულის გატანის გზებზე მსჯელობს
FaceBook
ევროკავშირმა დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოიტანოს მარცვლეული უკრაინიდან, რისი შესაძლებლობაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო აღარ არსებობს.

როგორც ცნობილია, უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილია და ქვეყნიდან 20 მილიონი ტონა სიმინდისა და ხორბლის ექსპორტზე გატანა ვერ ხერხდება. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კრიზისით ვაჭრობა გადაწყვიტა და დასავლეთს მარცვლეულის სანაცვლოდ სანქციების მოხსნა შესთავაზა, რაზეც ევროპა უარს აცხადებს.

ევროკავშირის მიერ, მსოფლიო სასურსათო კრიზისიდან გამოსასვლელად მსჯელობის დაწყების შესახებ ესპანური გამოცემა El País-ი წერს. მისი ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. საუბარია, უკრაინული სატვირთო გემების შავი ზღვიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების გემების თანხლებით გასვლაზე.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 30 მაისს ბრიუსელში გაიმართება, სწორედ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. ასევე განიხილება მზარდი შიმშილობის რისკი იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე არიან დამოკიდებულები.

El Pais-ის ცნობით, ახლა მთავარი სირთულე უკავშირდება იმას, რომ ევროპულმა გემებმა ოდესის პორტში შესვლის ნებართვა მიიღონ. ეს საკითხი მონტრეს კონვენციით რეგულირდება, რომლის შესრულებასაც თურქეთი აკონტროლებს. ოპერაციის ჰუმანიტარული მისიის გათვალისწინებით, გამოცემა ვარაუდობს, რომ ანკარა შესაბამის ნებართვას გასცემს.
Print