ახალი ამბები
"ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა"?
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა აგრესორ სახელმწიფოს სანქციებს არ დააკისრებს.


მან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სისულელე უწოდა და ოპოზიციას ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მათ წარმოდგენა, რა მოხდებოდა, ორი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო.

"მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთისთვის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი მოქალაქეებს რომ გასცეთ",
- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე ისაუბრა სანქცირებული კომპანიებისა და ინდივიდუალური პირების საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობაზე და თქვა, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა.







Print