ახალი ამბები
"წყალს საზღვრები არ აქვს" - ქუთაისში ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება
FaceBook
28 მაისს, ქუთაისში, კინოთეატრ საქართველოში ფილმის "წყალს საზღვრები არ აქვს" პრემიერა გაიმართება.


ჩვენება პროექტის "თანამედროვე ქართული კინო ქუთაისში" ფარგლებში მოეწყობა.

"წყალს საზღვრები არ აქვს" მარადია ცაავას 2021 წლის დოკუმენტური ფილმია. ამბავი რეჟისორის მოგზაურობაზე გვიყვება, რომელიც უშედეგოდ ცდილობს გადაკვეთოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვარი და მოინახულოს 1993 წელს შუაზე გაყოფილი ენგურის ჰიდროელექტრო სადგური. დაბრკოლებებით სავსე გზაზე მაყურებელი აღმოაჩენს არაერთ დაფარულ თუ საიდუმლო ამბავს, რომელიც ისეთივე უხილავია, როგორც 15 კილომეტრიანი გვირაბი მიწის ქვეშ.

მარადია ცაავა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი და თავისუფალი ჟურნალისტია. ის აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიასაშუალებებთან და ამავდროულად წარმოადგენს ფილმ-წარმოების კომპანიას OpyoDoc.

ფილმის პრემიერა ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მიღებული აქვს ადამიანის უფლებების ჯილდო ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბილეთის ფასი: 2 ლარი

ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენების ორგანიზატორები არიან ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი და ქუთაისის მერია.


Print