ახალი ამბები
„ხელისუფლებამ სათავე დაუდო მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო პროცესს“ - პრემიერი
FaceBook
"26 მაისი ჩვენი თავისუფლების დღეა, დღე, რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს", - აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე.


პრემიერმა მიმოიხილა უახლოესი წარსული, გაიხსენა დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითები და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლის მთავარი გეზი საქართველოს ევროპული ორიენტაციაა.

მიმართვის დროს ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ზვიად გამსახურდიას სიტყვები გაიხსენა - "დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენა და თვით ერის გადარჩენაა".

პრემიერის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად. ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც, მისი რწმუნებით, ხელისუფლებამ გაატარა სასამართლოსა თუ სხვა ინსტიტუციებში. მისივე თქმით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ სათავე დაუდო მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო გრძელვადიან პროცესს.

"მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას", - ირწმუნება მთავრობის მეთაური.

ღარიბაშვილმა საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ მისი პრემიერობის დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გაფორმდა დოკუმენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მისაღებად, ახლა კი ქვეყანა გადაწყვეტილების მოლოდინშია.

"დღეს, საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენი ისტორიული მისწრაფებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას. საქართველო, თავისი მისწრაფებებით, ღირებულებებით, უნიკალური ისტორიით, ენითა და კულტურით, იმსახურებს გახდეს ევროპული დიდი ოჯახის ღირსეული წევრი", - თქვა პრემიერმა.

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება საქართველოს ყველა ქალაქში.

1918 წლის 26 მაისს, პირველმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 3 წლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ჩვენს ქვეყანას 70 წლით წაართვა თავისუფლება. 1991 წლის 9 აპრილს, პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ აღადგინა, ამიტომ, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა.










Print