ახალი ამბები
YouTube-მა 70 000 ვიდეო წაშალა - უმეტესობა კრემლის „ვერსიებია“ ომზე უკრაინაში
FaceBook
YouTube-მა წაშალა უკრაინის ომთან დაკავშირებული 70 000-ზე მეტი ვიდეო და 9000 არხი, რომლებშიც დარღვეულია ამავე პორტალის კონტენტის სახელმძღვანელო პრინციპები.


მათ შორის ვიდეოები, რომლებიც შეჭრას "განმათავისუფლებელ მისიას" უწოდებდნენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

"ჩვენ გვაქვს პოლიტიკა ძირითად ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობრივი მოვლენების უარყოფა. რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის ძალადობრივი მოვლენა. ამიტომ გამოვიყენეთ ეს პოლიტიკა, რათა განვახორციელოთ უპრეცედენტო ქმედებები",
- თქვა YouTube-ის პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა ნილ მოჰანმა.

მან დასძინა, რომ მხოლოდ უკრაინაში YouTube-ის საინფორმაციო კონტენტს, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შესახებ, 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

"პირველი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას ამ მოვლენის შესახებ, შეუძლიათ მიიღონ ზუსტი, მაღალი ხარისხის და სანდო ინფორმაცია YouTube-ზე. ჩვენს პლატფორმაზე ავტორიტეტული არხების ნახვები მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში, მის მიმდებარე ქვეყნებში, პოლონეთში და თავად რუსეთში", - განაცხადა მოჰანმა.

მისი თქმით, წაშლილი ვიდეოების უმეტესი ნაწილი შეიცავს კრემლის ისტორიებს უკრაინაში შეჭრაზე.

უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print