ახალი ამბები
რა სიმპტომები ახასიათებს "მაიმუნის ყვავილს" - მაია ბუწაშვილის განმარტება
FaceBook
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ,,მაიმუნის ყვავილისთვის'' დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს.

მისი თქმით, ისინი ძალიან ჰგვანან ყვავილის სიმპტომებს, თუმცა დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

,,დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხის გულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხესთან მჭიდრო კონტაქტის გზით'',
- ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტის თქმით, ინფექციის გავრცელება განსაკუთრებით საყურადღებო გახდა იმიტომ, რომ ის ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არ იყო ან ერთეული შემთხვევები ვლინდებოდა.

,,საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა). სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა ზოგადად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის – 10.6%. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში'', - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტის თქმით, დაავადებას არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან და შესაბამისად, მისი ვაქცინა ამ ვირუსის წინააღმდეგ არაეფექტურია.

"მაიმუნის ყვავილის" ინკუბაციის პერიოდი 6-13 დღე ან 21 დღე შეიძლება იყოს. მისი გადამტანები ძირითადად, მღრღნელები და პარაზიტები არიან. დაავადების დიაგნოსტიკა PCR მეთოდით ხდება.

"მაიმუნის ყვავილი" პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. ამ ინფექციით ადამიანის დაავადების შემთხვევა პირველად 1970 წელს, კონგოში გამოვლინდა.

"მაიმუნის ყვავილი" უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 12 ქვეყანაში.
Print