ახალი ამბები
რუსეთი ომში სტუდენტების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
რუსეთს, უკრაინასთან ომში სამობილიზაციო რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ის დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტების ჩართვას გეგმავს.


ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "უნიანი"იუწყება.

"დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამობილიზაციო რესურსის არარსებობის გამო, საოკუპაციო სამხედრო სარდლობა გეგმავს ბრძოლაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ჩართვას",
- ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში.

რუს ოკუპანტებს სერიოზული პრობლემები აქვთ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოქალაქეების მობილიზებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთში გრძელდება ეგრეთ წოდებული "ფარული მობილიზაციის" მცდელობები - მიმდინარეობს აქტიური კამპანია, ასევე სამხედრო სკოლების კურსდამთავრებულებისა და იუნკერების გაგზავნა ბრძოლაში.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სასაზღვრო რაიონებში ამზადებს დაახლოებით 2,5 ათას რეზერვისტს, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან.

თავის მხრივ, მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აღნიშნავს, რომ დონეცკში, მობილიზების წინააღმდეგ, "ნათესავების გლობალური აჯანყებაა", ხოლო ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ჰაიდაის თქმით, რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში, მამაკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ომისთვის მობილიზებაზე, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

უკრაინაში 85 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print