ახალი ამბები
უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე ქვეყანას ტოვებს
FaceBook
უკრაინაში მოქალაქეები მასობრივად ბრუნდებიან.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 37 000 ადამიანი შევიდა, მათ შორის, 33 000 უკრაინელი, საზღვარი კი 31 000-მა დატოვა.

უკრაინული გამოცემა Ukrainska Pravda--ს ცნობით, უკვე მერვე დღეა, რაც უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი შედის, ვიდრე ტოვებს.

სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას გაეროს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, 28 თებერვლიდან 16 მაისის შუალედში, უკრაინაში დაბრუნდა 1 820 500 უკრაინელი, თუმცა, ორგანიზაცია იქვე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ საზღვრის კვეთის, მოქალაქეთა ქვეყანაში შესვლის მაჩვენებელია და არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს მოქალაქეები საბოლოოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში და ისევ არ გადაადგილდებიან.

UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინა ომის დაწყებიდან 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინაში 84 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
Print