ახალი ამბები
თურქეთი მზადაა „აზოვსტალიდან“ დაჭრილი მებრძოლების საზღვაო ევაკუაციისთვის
FaceBook
თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალიდან“ დაჭრილი მებრძოლების საზღვაო ევაკუაცია შესთავაზა.


ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეთავაზება ორი კვირის წინ კიევში პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პრეზიდენტის მრჩევლის გეგმის მიხედვით, „აზოვსტალიდან“ დაჭრილებს სახმელეთო გზის გავლით მიიყვანდნენ ბერდიანსკის პორტში, რომელიც მარიუპოლის მსგავსად, აზოვის ზღვის პირას მდებარეობს, იქ თურქული გემი დახვდებოდათ და შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანდნენ.

„თუ ეს შესაძლებელია, ამას სიხარულით გავაკეთებთ. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის, რომ წავიდეს და გადმოიყვანოს დაჭრილი ჯარისკაცები, სხვა მოქალაქეები“, - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალში 1000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება.

უკრაინაში 82 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print