ახალი ამბები
"რუსეთი იზიუმსა და სევეროდონეცკში ძალების მობილიზებას ცდილობს" - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი იზიუმსა და სევეროდონეცკში ძალების მობილიზებას ცდილობს, რათა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს.


მათი ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალების მთავარი მიზანი უკრაინის ქვედანაყოფების შეზღუდვაა, რათა მათ დასავლეთით მდებარე ჯგუფებთან გაერთიანება ვერ შეძლონ. დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების მხრიდან დონბასში მდინარის გადაკვეთის მცდელობები შეზღუდეს.

"სატელიტური სურათების მიხედვით, სევეროდონეცკის დასავლეთით მდინარე სივერსკის გადაკვეთისას, რუსეთის სამხედრო ძალებმა სულ მცირე ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი დაკარგეს. მდინარის გადაკვეთა კონფლიქტურ ზონაში სარისკო ქმედებაა, რაც ოკუპანტების რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, რუსეთის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლა არ აქვთ. კიევისა და ჩერნიგოვის ოლქიდან დანაყოფების გაყვანისა და განლაგების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს",
- წერია ანგარიშში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 79 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.



Print