ახალი ამბები
აზოვსტალის ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა
FaceBook
სავარაუდოდ, აზოვსტალის ქარხანა ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.



ამის შესახებ ინფორმაციას CNN აზოვის პოლკის მეთაურის სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალამარის თქმით, ამის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ აგრძელებენ ტერიტორიის დაბომბვასა და ქარხნის შტურმს.

"თუ თქვენ თავად აზოვსტალის ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, გვყავდა და ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ იმყოფება. მათ ქარხნის დატოვება შეძლეს. თუმცა, დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩამოსვლისა და სიტუაციის შეფასების საშუალება არ ჰქონია", - თქვა პალამარმა CNN-თან საუბრის დროს.

19 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. 7 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია.

აზოვის ბატალიონის დაზვერვის განყოფილების ოფიცრის, ილია სამოილენკოს განცხადებით, არსებობს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური გზა რუსული ჯარის გარღვევისა და აზოვსტალის ქარხნის განბლოკვისთვის.

უკრაინაში 78 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #აზოვსტალი