ახალი ამბები
„მარიუპოლში, შესაძლოა, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს დაავადებებით“ - ქალაქის საბჭო
FaceBook
მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი რჩება, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 

ამის შესახებ მარიუპოლის ქალაქის საბჭო იუწყება. მათი ინფორმაციით,  მარიუპოლში შესაძლოა 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს "დაავადებებითა და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებით". 

"ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება...რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი "შუასაუკუნეების გეტოდ" აქციეს და იქ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, დიდი იქნება"
, - განაცხადა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მარიუპოლის მერი ქალაქის სრული ევაკუაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა. ევაკუირებულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" გვირაბებს.

მარიუპოლში  აზოვსტალის ფოლადის ქარხანა რჩება  წინააღმდეგობის ერთადერთ კედლად. "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა,  ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა. რუსეთის სამხედრო ძალებმა გააძლიერეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა.

უკრაინაში 77 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. დაანგრიეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს ათასობით ადამიანი. ამის მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინამ უკვე დაიბრუნა ათასამდე ოკუპირებული პუნქტი.
Print