ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის პოზიციაზე ზურაბ ოიკაშვილი დაინიშნა.


ზურაბ ოიკაშვილი, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის წარდგინებით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიშნა.

ოპერის თეატრის დირექტორის ადგილი ვაკანტური სამი თვის განმავლობაში იყო.

მანამდე ამ პოზიციას რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი იკავებდა, რომელსაც თეატრის დატოვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუწია, თუმცა, მას ეს პოზიცია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. პოლიტიკური აქტივობის გამო, მარჯანიშვილი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამშრომლების თანდასწრებით მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მან სხვა პარტიის სახელით პოზიციონირების გამო "ქართულ ოცნებას" უღალატა. თორნიკე მარჯანიშვილმა ამის შემდეგ თეატრი დატოვა, თუმცა, მისთვის ადგილი ქუთაისის მერიაში გამოიძებნა.

რაც შეეხება ზურაბ ოიკაშვილს, იგი პროფესიით მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია.

2001-2003 წლებში იგი საქართველოს კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელობდა ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტს, 2003-2004 წლებში კი მუშაობდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2004-2014 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ხოლო 2014 წლის მარტი-მაისის პერიოდში სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

2015 წლიდან ოიკაშვილი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი იყო.

ზურაბ ოიკაშვილი 600-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის და არაერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

Print