ახალი ამბები
"უამრავი ჭრილობა მოგვადგა ამ ბრძოლაში" - რიონის ხეობაში კარვებით პროტესტი დასრულდა
FaceBook
მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლებმა გუმათში შემაჯამებელი აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის 550 დღის შემდეგ "კარვების აქციის" დასრულება გამოაცხადეს და ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რაც, მათი თქმით, შესაძლოა უფრო ხანგრძლივი იყო, რადგან მიზანი არის არამხოლოდ ერთი კონკრეტული ჰესის მშენებლობის შეჩერება, არამედ, ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის გაჯანსაღება.

მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა, წელიწადნახევრიანი პროტესტის განმავლობაში, ხელისუფლების და ცალკეული ჯგუფების მიერ მოძრაობის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ ისაუბრა და მას ბრძოლაში მიღებული ჭრილობები უწოდა.

"უამრავი ჭრილობა მოგვადგა ყველას ამ ბრძოლაში, ბევრი ტალახი ვნახეთ ჩვენი მისამართით ნასროლი, რაც არ არის ადვილი. პერსონალური განცდებიდან რომ გამოვიდეთ, როცა უსამართლოდ ბრალდების მსხვერპლი ხდები, ნამდვილად არ არის ადვილად ასატანი. ის ჭრილობები, რომლებიც მოგვადგა ყველას ერთად, როგორც ჩანს, ვეღარ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამარჯვების სიხარული იყოს ისეთი მკაფიო, რადგან ეს ჭრილობები გვახსენებენ თავს, მაგრამ ვეძალებით ამ მიმართულებითაც, რომ ეს სიხარული მოვიყვანოთ ჩვენამდე, რათა ვიგრძნოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მართლა მოხდა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"რატომღაც გამარჯვებას არჩვეული, გამარჯვებას აღვნიშნავთ. ჩვენ დასაბამს ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია ერთობით ბრძოლა. ჩვენი ბრძოლა იყო მტკიცე და უღალატო", - თქვა აქციაზე მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა მაკა სულაძემ.

აქციის დასასრულს, გუმათში სიმბოლურად დაშალეს ის კარავი, რომელიც აქტივისტმა ერთი წლის წინ, მას შემდეგ გაშალეს, რაც ისინი პოლიციამ ნამოხვანიდან გამოაძევა და იძულებული გახადა პროტესტის გამოხატვის ადგილი შეეცვალათ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ადგილობრივები წელიწადნახევრის წინ დაუპირისპირდნენ. მათ ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და ჰესის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები აცხადებდნენ, რომ ნამახვანჰესი მნიშვნელოვნად დააზიანებდა გარემოსა და შეცვლიდა კლიმატს, გარდა ამისა, ჰესის მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დათმობილი იყო სახელმწიფოს ინტერესი.

პროტესტის შედეგად გასაჯაროებული დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია.

რიონის ხეობაში ახლა ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა აღარ დგას. კომპანია "ენკამ" სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებაც გაწყვიტა, თუმცა, პროცესი არ დასრულებულა. 30 აპრილს, ქუთაისში ვიზიტის დროს,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ენკასთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი განაცხადა, რომ ნამახვანჰესი, ისევე როგორც ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობით უნდა აშენდეს.











Print