ახალი ამბები
„აზოვსტალიდან“ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
FaceBook
აზოვსტალის ქარხნიდან კიდევ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანების.

ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. მისი განმარტებით, ევაკუაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა, რადგან იყო "ბრძოლები და სხვა პროვოკაციები".

"მტერი გამუდმებით არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობას. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ აზოვსტალიდან გამოგვეყვანა 50 ადამიანი - ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები. ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციის პროცესს ხვალ დილით",
- წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. „აზოვსტალის“ ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

მარიუპოლში ქარხანა "აზოვსტალი" ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.

უკრაინაში 73 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print